გიორგი მოსიძე გიორგი მოსიძე დაიბადა 1972 წლის 5 მაისს თბილისში საქართველოს სახალხო არტისტის, პროფესორ შალვა მოსიძისა და უცხო ენების სპეციალისტის თამარ რჩეულიშვილის ოჯახში.
1978-89 წლებში სწავლობდა 183-ე საშუალო სკოლაში.
1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.
1989-91 წლებში თამაშობდა ბადმინტონს, იყო თსსუ-ს ნაკრების წევრი. 1991 წლის რესპუბლიკურ უნივერსიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
1991 წლის შემოდგომაზე გიორგი მოსიძემ თანამოაზრეებთან ერთად დაარსა თსსუ-ს ”ინტელექტ-კლუბი”, რომელიც შემდგომში გაფართოვდა და 1994 წელს გარდაიქმნა საქართველოს კლუბად ”რა? სად? როდის?” (გიორგი მოსიძე დღემდე ამ კლუბის უცვლელი პრეზიდენტია). სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობდა KBH-ის შეჯიბრებში, უძღვებოდა თსსუ-ს გუნდის ”კოზა ნოსტრას” რამდენიმე კონცერტს.
1994 წელს გიორგი მოსიძე იყო თსსუ-ს სტუდენტური კავშირის საინიციატივო ჯგუფის წევრი და უძღვებოდა სტუდკავშირის დამფუძნებელ ყრილობას. 1994-95 წლებში იყო სტუდკავშირის გამგეობის წევრი და სტუდკავშირის სახელით ესწრებოდა თსსუ რექტორატის სხდომებს.
1995 წლის გაზაფხულზე გიორგი მოსიძემ თანამოაზრეებთან ერთად დაარსა საქართველოს სტუდენტ-მედიკოსთა ასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც იყო 1995-96 წლებში.
1995 წლის ივნისში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ექიმი-ინფექციონისტის სპეციალობით. 1995-96 წლებში გაიარა ინტერნატურა ინფექციური პათოლოგიის რესპუბლიკურ ცენთრში.
1996 წლის 6 ოქტომბერში ეთერში პირველად გავიდა ტელეგადაცემა ”ინტელექტ-კლუბი - რა? სად? როდის?”, რომლის ავტორი და წამყვანიც იყო გიორგი მოსიძე.
1996-2000 წლებში ”ინტელექტ-კლუბი” ეთერში გადიოდა სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე, 2000-02 წლებში ”მე-9 არხზე”. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები პროგრამის განსაახლებლად და ახალი ტელეპროექტის წარმოებაში ჩასაშვებად.
1997-2000 წლებში გიორგი მოსიძე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის რეფერენტად. იყო რამდენიმე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგკომიტეტის წევრი, მათ შორის - ”მზის ფორუმი” (1998 წლის იანვარი) და საქართველოში ებრაელთა დასახლების 26 საუკუნოვანი იუბილე (2000 წლის სექტემბერი).
1997 წლის შემოდგომაზე მან, თანამოაზრეებთან ერთად, დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ქართველები ევროპისათვის” (ახალგაზრდა მოხალისეების პირველი ორგანიზაცია საქართველოში), რომელსაც ხელმძღვანელობდა 1997-2003 წლებში. ამჟამად ”აქე”-ს საპატიო პრეზიდენტია.
1998-99 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭოს გამგეობის წევრი.
2000 წელს გიორგი მოსიძემ მოიგო სამხრეთ კავკასიის პირველი ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში ”Jeopardy!” (ფინალში დაამარცხა აზერბაიჯანელი ”მოაზროვნე” როვშან ასკეროვი).
2000-01 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის პირველ მდივნად.
2001 წლის 15 ივნისს პ/გ ”ახალი მემარჯვენეები” (”ახლები”)-ს დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს პარტიის სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ.
2001-06 წლებში იყო ”რა? სად? როდის?” კლუბების საერთაშორისო ასოციაციის გამგეობის წევრი და სამხრეთ კავკასიის კოორდინატორი.
2002 წლის იანვარიდან 2004 წლის აპრილამდე გიორგი მოსიძე იყო პ/გ ”ახალი მემარჯვენეები”-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავჯდომარე.
2003 წლის 2 ნოემბრიდან საპარლამენტო არჩევნების შედეგად ბლოკ ”ახალი მემარჯვენეები”-ს სიით აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად (პროპორციული არჩევნების შედეგები შემდგომში გააუქმა საქართველოს უზენაისმა სასამართლომ).
2004-06 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია ”ახალი მემარჯვენეების” თავჯდომარე, ამავე დროს საქართველოს ადგილობრივი თვითმართველობის ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრი.
2004 წლის აპრილიდან ასრულებს პ/გ ”ახალი მემარჯვენეები”-ს საერთაშორისო მდივნის მოვალეობას.
2006 წლის 3 ივნისს პ/გ ”ახალი მემარჯვენეები”-ს მესამე რიგგარეშე ყრილობაზე არჩეული იქნა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე - ემილია ხალილოვა (დაიბადა თბილისში 1972 წელს, კერძო მეწარმე) და ორი შვილი - გიორგი (დაიბადა 2003 წლის 23 თებერვალს) და ელენე (დაიბადა 2004 წლის 12 ივლისს).